თბილისობა 2017

ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაული "თბილისობა" წელს განსაკუთრებით მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო. "თბილისობა 2017"-ის მთავარი ლოკაციები "ახალი ტფილისი", რიყე და ლეღვთახევი აღმოჩნდა.

"თბილისობა 2017"-ის ფარგლებში, მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, საბავშვო/გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები, მარკების ექსპოზიცია, მუსიკალური სანახაობები, პერფორმანსები და სხვა.

თბილისობის დღესასწაულზე რიყის პარკში JAKO FM-ის პორტატული სტუდია მოეწყო, რომელიც ღონისძიებების სააგენტო Apriori-ს ყვავილებისა და ხილის თაიგულებით საოცრად ლამაზად იყო მორთული. სპეციალურად ამ დღისთვის, საკონდიტრო "ატელიე დესერტმა" JAKO FM-ის სტუმრებისთვის უგემრიელესი ნამცხვრები მოამზადა.

რადიო JAKO FM-ის პორტატულმა სტუდიამ უამრავ სტუმარს უმასპინძლა. მათ შორის იყვნენ: თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ანსამბლ “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი, საქართველოს სახალხო არტისტი ფრიდონ სულაბერიძე, ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე, ასევე სპორტის, კულტურის და ბიზნესის სფეროს სხვა წარმომადგენლები.

„ვულოცავ თბილისელებს დღევანდელ დღეს. თბილისობა მართლა სახალხო დღესასწაულია. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამინდიც გამოვიდა და დღეს მზიანი ამინდია. მინდა, ყველას პირველ რიგში, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო“, - ასე მიულოცა თბილისელებს დღესასწაული რადიო JAKO FM-ის პირდაპირ ეთერში თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.

თბილისობის 38-ე დღესასწაული, 7 ოქტომბერს ევროპის მოედანზე თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონების მოწყობით დაიწყო, ხოლო მეტეხის ხიდზე ანტიკვარული და ახალი მანქანების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გარდა ამისა, „თბილისობის“ პატარა სტუმრებისთვის მოეწყო საბავშვო კუთხე, სადაც კარაოკე, მხიარული სტარტები, ანიმატორების კუთხე, საბავშვო კულინარია, დრამერების შოუ, ზღაპრის პერსონაჟების პერფორმანსები, საპნის ბუშტების შოუ და სხვა სახალისო აქტივობები გაიმართა.

„თბილისობა“ პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა და იქიდან მოყოლებული, ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. თბილისობის დაარსების იდეა ცნობილ ჟურნალისტსა და საზოგადო მოღვაწე გვანჯი მანიას ეკუთვნის, რომელმაც 1976 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „თბილისში“ გამოაქვეყნა წერილი სათაურით „დაწესდეს ახალი დღესასწაული“.

როგორც ამბობენ, პირველივე თბილისობამ განსაზღვრა მისი ხასიათი და გადაწყდა, დღესასწაული ყოველწლიურად, ტრადიციულად აღნიშნულიყო, რასაც ყოველი ოქტომბრის ბოლო ან ბოლოს წინა შაბათ-კვირა დაეთმობოდა. თბილისობის მოწყობის იდეა, დედაქალაქში წარსულისა და აწმყოს შერწყმაში მდგომარეობდა – გაცოცხლებულიყო ძველი ცხოვრების სურათები: თბილისის ისტორიულ უბნებში ყარაჩოღელებს, კინტოებს, ეროვნულ სამოსში გამოწყობილ ადამიანებს უნდა ევლოთ, ესეირნათ ფაეტონით, მტკვარზე ტივი ჩაშვებულიყო, თბილისურ აივნებზე ფარდაგები გადმოეკიდათ და იქ თბილისელი „კნეინები“ გადმომდგარიყვნენ, გლეხებს სოფლებიდან სანოვაგე ჩამოეტანათ და დედაქალაქში მათი ჭირნახულის გამოფენა-გაყიდვაც გამართულიყო, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხე წარმოჩენილიყო, შეეწვათ მწვადი, საწნახელში ყურძენი დაეწურათ, სადღეგრძელოები ეთქვათ, გამართულიყო თეატრალური სანახაობები, სხვადასხვა სპორული შეჯიბრება, კონცერტი, წაეკითხათ ლექსები და აერჩიათ საპატიო მოქალაქეები.