ყველაზე რომანტიკული ადგილები ბათუმში

გთავაზობთ რომანტიკულ ადგილებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ საყვარელ ადამიანთან ერთად ბათუმში ყოფნის დროს:

ალისა და ნინოსქანდაკება

„ალისა და ნინოს“ ქანდაკება ბათუმის სანაპირო ბულვარში მდებარეობს, სკულპტურა მსოფლიოს ყველაზე ცნობილი რომანტიკული ძეგლების ათეულში მოხვდა. ყურბან საიდის პოპულარული რომანის გმირები ალი და ნინო მარადიულ სიყვარულს განასახიერებენ. სიმეტრიული ქანდაკებები იმით გამოირჩევა, რომ ყოველ საღამოს ალისა და ნინოს ფიგურები ერთმანეთისკენ ნელა მოძრაობენ და ადგილს ყოველ ათ წუთში ერთხელ იცვლიან, სანამ ერთმანეთს არ შეხვდებიან და არ შეერწყმიან. ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ ისევ შორდებიან ერთმანეთს და უკუპროცესი იწყება.

მოცეკვავე შადრევნები

ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, 2009 წელს, არდაგანის ტბაში დამონტაჟებული იქნა ფრანგული მუსიკალური შადრევანი. ყოველ საღამოს შადრევანი თეატრალურ ფარდას ემსგავსება და მასში საუცხოო ლაზერ შოუ აისახება.

აღსანიშნავია, რომ წელს განახლდება 30 წუთიანი ლაზერ-შოუ, რომლის პროგრამული უზრუნველყოფა ფრანგი სპეციალისტების მიერ განხორციელდა.

საბაგირო გზა არგო

ანურიის მთაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 250 მეტრ სიმაღლეზე კულტურულ გასართობი ცენტრი არგო მდებარეობს. გასართობი კომპლექსი გვთავაზობს ბათუმის, შავ ზღვისა და გარშემო მთების უნიკალურ ხედებს. კომპლექსი ვიზიტორთა უმრავლესობა არგომდე ასასვლელად იყენებს საბაგირო გზას, რადგან მათ ეძლევათ საშუალება დატკბნენ ბათუმის პანორამული ხედებით.

საბაგირო გზის სისტემა დაპროექტებულია და დამზადებულია ავსტრიული კომპანია „დოპპელმაიერი“-ს მიერ. გზის სიგრძე 2586 მეტრია. მასზე მუდმივად მოძრაობს 8 ადგილიანი 9 გონდოლა.

ოცნების სვეტი

ბრინჯაოს „ოცნების სვეტი“ ბათუმის ახალ ბულვარშია განთავსებული და იქ მისვლამდე დამთვალიერებელმა 150 მეტრის სიგრძის ლაბირინთი უნდა გაიაროს. წესების თანახმად ის ვინც ლაბირინთს წარმატებით გაივლის და ოცნების სვეტთან მივა აუცილებლად აუხდება სვეტთან ჩაფიქრებული სურვილი.

„ოცნების სვეტის“ ავტორები ქართველი მოქანდაკე ირაკლი წულაძე და ლიტველი მხატვარი მარიუს აბრამავიჩუსი არიან. სკულპტურული კომპოზიცია რამდენიმე მასალით, მათ შორის, ბრინჯაოს, მარმარილოს, გრანიტსა და ფოლადშია შესრულებული. ლაბირინთზე ქართულ-ლიტვური სიმბოლიკები და დეკორატიული ორნამენტებია გამოსახული.