ნანა ცინცაძე: „თუ ადამიანი დაეცა, თვითონ უნდა ადგეს“

გადაცემის სტუმარია ექიმი-თერაპევტი, ჟურნალისტთა კავშირის წევრი, პოეტი - ნანა ცინცაძე და ახალგაზრდა მომღერალი ნათია ქოროღლიშვილი

 

ე.ბაბალაშვილი – თქვენი ცხოვრების გზა დაიწყო იმით, რომ ჩააბარეთ სამედიცინო ინსტიტუტში...

ნ.ცინცაძე – სხვათაშორის, ეს აბსოლუტურად შემთხვევით მოხდა. სკოლაში ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი. ეს არ იყო ჩემთვის რთული. სკოლა ოქროს მედლით დავამთავრე. სკოლის დამთავრების თითქმის ბოლო მომენტამდე  ვფიქრობდი, რომ დავკავდებოდი ან ჟურნალისტიკით, ან კლასიკური ფილოლოგიით. ერთხელ, როდესაც სახლში მივდიოდი, შემვხდა ნაცნობი ბიჭი, რომელთანაც ერთად ოლიმპიადებში ვმონაწილეობდით. ჩემს შეკითხვაზე, სად აპირებდა ჩაბარებას, მიპასუხა, რომ ექიმობას აპირებდა. მისი მხრიდან დასმულ ამავე შეკითხვას მე ვუპასუხე, რომ ჟურნალისტი მინდა გავხდე, რაზედაც მან მითხრა: „კი, შენ მოხვალ ჩემთან და ინტერვიუს ჩამომართმევ“. ეს არ მომეწონა და სახლში რომ მივედი, დედაჩემს განვუცხადე, რომ სამედიცინოზე ჩავაბარებ. მას ეს ძალიან გაუხარდა, რადგან მისი დაც  და ძმებიც ექიმები იყვნენ, თუმცა თავად იურისტი იყო. დედაჩემი ოცნებობდა იმაზე, რომ მე ექიმი გამოვსულიყავი. აი ასე ჩავაბარე სამკურნალო ფაკულტეტზე და შემდეგ წითელი დიპლომით დავამთავრე. არასდროს მინანია, რომ ექიმი გავხდი. ცხოვრება თავიდან რომ დამეწყო, ისევ ექიმი გავხდებოდი. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. როდესაც პირველ კურსზე ვიყავი, პირველად ჩავედი მოსკოვში და პირველი წიგნი ფსიქოლოგიაში, რომელიც იქ შემხვდა, იყო წიგნი „ექიმი, მედდა, ავადმყოფი“. ამის შემდეგ, სადაც არ უნდა ჩავსულიყავი, ყოველთვის ვყიდულობდი სხვადასხვა წიგნებს და თან ჩამომქონდა. ასე დავიწყე ფსიქოლოგიაზე წიგნების კითხვა. ძალიან მაინტერესებდა ადამიანის გენეტიკა, მისი ფსიქოლოგია.

ე.ბაბალაშვილი – რა არის თქვენი აზრით მისტიკა?

ნ.ცინცაძე – მისტიკა - ეს არის, როდესაც ადამიანს გააჩნია მესამე თვალი (თუ რა თქმა უნდა, ის არ არის შარლატანი). ალბათ, ვიღაცას ეს გააჩნია.

ე.ბაბალაშვილი – ვითომ ასეა?

ნ.ცინცაძე – არ ვიცი. მაგალითად, იყო ნოსტრადამუსი.

ე.ბაბალაშვილი – ნოსტრადამუსი - მისტიკაა, თუ ადამიანები ამ ქვეყანაზე გარკვეული ფუნქციის შესასრულებლად მოდიან?

ნ.ცინცაძე – როდესაც სახარებას ვკითხულობთ, ხშირად გვხვდება ადამიანი, რომელსაც ჰქონდა განჭვრეტის და წინასწარმეტყველების ნიჭი. ბევრი ასეთი ადამიანის გახსენება შემიძლია ძველი და ახალი აღქმიდან. მათ მართლაც გააჩნდათ მესამე თვალი და ბევრი მოვლენის განჭვრეტა შეეძლოთ. პირადად მე ვფიქრობ, რომ მას მერე, რაც ასეთი ადამიანი მომრავლდა, ისინი აკრძალეს.

ე.ბაბალაშვილი – იქნებ ეს სწორიც იყო, რადგან როდესაც წინასწარ იცი, რა მოგივა, ფატალისტი ხდები.

ნ.ცინცაძე – ხშირად ზოგიერთი ადამიანები ამბობენ, რომ შეუძლიათ თქვენი ჰოროსკოპის ან კარტის შედგენა, მაგრამ ეს არ არის საინტერესო. ეს რა საჭიროა? მე მიყვარს ცხოვრება. ზოგჯერ არის გარკვეული დაღმასვლა, რომელსაც აუცილებლად აღმასვლა მოჰყვება. ცხოვრება იმიტომაცაა საინტერესო, რომ მასში ყოველთვის ბევრი მოულოდნელობაა.

ე.ბაბალაშვილი – გვიამბეთ მომენტებზე, როდესაც აბსოლუტურად ბედნიერი იყავით და გქონდათ შეგრძნება, რომ ცხოვრება მშვენიერია.

ნ.ცინცაძე – როდესაც ინსტიტუტში ჩავაბარე, მართლა დავფრინავდი. ყოველთვის მინდოდა ყველაფერი მომესწრო, რადგან ცხოვრება მხოლოდ ერთხელ გვეძლევა. მაგალითად, ნათიამ კარგად იცის, რომ სახლში აბსოლუტურად ყველაფერს მე თვითონ ვაკეთებ. ეს ძალიან მსიამოვნებს! ირვინ შოუ წერდა, რომ მომავალი - დროის ყველაზე გაურკვეველი და სახიფათო კატეგორიაა. როდესაც ეს წავიკითხე, ამან დამაფიქრა და მივედი ისეთ დასკვნამდე, რომ ადამიანმა უნდა იცხოვროს მანამ, სანამ მისი მომავალი გაურკვეველი და სახიფათო იქნება. თუ ეს აღარ არის, ესე იგი აღარ სუნთქავ. ცხოვრება მაშინ უინტერესო ხდება. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ, როგორ ცხოვრობ, რით სუნთქავ, მაგრამ შენ უნდა იცხოვრო და რაღაცისკენ ისწრაფვოდე.

ე.ბაბალაშვილი – თქვენ გახდით ექიმი, და როგორ გაჩნდა მერე თქვენს ცხოვრებაში პოეზია? სხვათაშორის, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ექიმები შესანიშნავად მღერიან. ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია.

ნ.ცინცაძე – საერთოდ, ექიმები - დიდი ნიჭისა და ინტელექტის მქონე ადამიანები არიან. მე მომიწია ურთიერთობა შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან, პოეტებთან, პროზაიკოსებთან, მაგრამ ვერცერთ მათგანს ექიმებს ვერ შევადარებ. ჩემს საგვარეულოში იურისტები და ექიმები არიან. ჩემმა ცხოვრებამ ამ ადამიანების გვერდით ჩაიარა. იქ აბსოლუტურად სხვა ინტელექტია, აბსოლუტურად სხვა ურთიერთობები. ამბობენ, რომ შოუ-ბიზნესში ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. პოეტებს და მწერლებს უფრო მეტად სძულთ ერთმანეთი, ვიდრე შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს. შესაძლოა, შოუ-ბიზნესში დაკავებულების ცხოვრება ხელის გულზე დევს და მასზე ყველაფრის გაგება შესაძლებელია, მაგრამ თუ ადამიანურ თვისებებს შევადარებთ, მე ვხედავ, რომ ადამიანები, რომლებიც თავად არიან დაკავებულნი შემოქმედებით (მაგრამ არა შემსრულებლები), უფრო ბოროტები არიან. მე ამას ვხედავ როგორც ექიმი და როგორც ფსიქოთერაპევტი, რადგან ვუყურებ მათ და ზოგჯერ მიკვირს კიდეც, როგორ შეუძლიათ ვინმეს მიმართ ასეთი სიძულვილის გამოხატვა.

ე.ბაბალაშვილი – ჩვენ დაგვავიწყდა ჩვენი მეორე სტუმარი - ნათია. ეს არის ძალიან ნიჭიერი გოგონა, რომელიც შესანიშნავად მღერის.

ნ.ცინცაძე – ის ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც მისთვის პირველი სიმღერა დავწერე. ეს იყო დუეტი, რომელიც გიო ხუციშვილთან ერთად იყო შესრულებული. ამ სიმღერის მუსიკა ლილიკო ნემსაძემ დაწერა.

ე.ბაბალაშვილი – რომელი სიმღერა იყო?

ნ.ქოროღლიშვილი - „დამპირდი, რომ არ მიმატოვებ“.

ნ.ცინცაძე – ძალიან ლამაზი სიმღერაა. მათი ხმები ერთმანეთს ძალიან უხდებოდა. ამის შემდეგ ძალიან დავახლოვდით და ჩვენს შორის უკვე ოჯახური ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ძალიან მიხარია, რომ თითქმის ყველასთან, ქეთა თოფურიათი და ზურა მანაგაძის ქალიშვილით დაწყებული, და ახლანდელი ახალგაზრდა შემსრულებლებით დამთავრებული, ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. ნათია ყველა ცნობილი ქართული კომპოზიტორის შესანიშნავ სიმღერებს მღერის, ასევე ხალხურ სიმღერასაც. ერთ-ერთ სიმღერას ანსამბლ „ქართულ ხმებთან“ ერთად ასრულებს. ეს არის ჰიტი, რომელიც, ალბათ, სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში.

ე.ბაბალაშვილი – რას გრძნობთ, როდესაც მუსიკაზე დადებული თქვენი ლექსი გესმით?

ნ.ცინცაძე – ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი ლექსები უყვართ, განსაკუთრებით კი, თუ ლექსი სიმღერად გადაიქცევა და ამას ლამაზად აწვდიან, შენზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობს. ყველა სიმღერას, რომელიც ჰიტი გახდა, ვჩუქნი.

ე.ბაბალაშვილი – როგორ მოხდა თქვენი შეხვედრა ნათიასთან?

ნ.ცინცაძე – ნათია გადაცემა „ჯეოსტარში“ მონაწილეობდა და ყველას შეუყვარდა. თითქმის ფინალამდე მივიდა. მოხდა ისე, რომ მთხოვეს დამეწერა ტექსტი მისი დუეტისთვის გიო ხუციშვილთან. საერთოდ, ძალიან მიყვარს ლამაზი ადამიანები, რადგან მათ უმეტესად სულიც ლამაზი აქვთ. ნათიას შემთხვევაში ამან გაამართლა და ამის შემდეგ მისთვის ტექსტების წერა დავიწყე. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი მეგობრობა დღემდე გრძელდება.

ე.ბაბალაშვილი – ნათია უფრო რომელი მუსიკის შესრულება მოგწონთ - ხალხურის თუ საესტრადოს?

ნ.ქოროღლიშვილი - საერთოდ, ეროვნული მუსიკა უფრო ჩემია. გულიდან რაც მოდის, ის არის ჩემი. სიმღერები ჩემს რეპერტუარში უფრო არის ხალხურ მოტივებზე, ოღონდ საესტრადო არანჟირებით.

ე.ბაბალაშვილი – ახლანდელი ახალგაზრდობა ერიდება ხალხური სიმღერების შესრულებას.

ნ.ცინცაძე – ძალიან მინდა, რომ ნათიამ ა კაპელა შეასრულოს სიმღერა „ტანგო“ და თქვენ ნახავთ, რა ლამაზად მღერის. ჩვენ უნდა ვიყოთ ის ხალხი, რომელიც გზას გაუხსნის ახალგაზრდებს.

ე.ბაბალაშვილი – რაზე საუბრობთ თქვენს პროზაულ ნაწარმოებებში?

ნ.ცინცაძე – ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას წერ კონკრეტულ მომენტში. ჩემს პირველ პატარა წიგნში, რომლის სახელწოდებაა „ულმობელი მთვარე“, იყო პროზაც და პოეზიაც, თუმცა პირველი ჩემი წიგნი სამედიცინო თემატიკაზე იყო და ის დისერტაციის შემდეგ დავწერე. მოხდა ისე, რომ ლექსების წერაში რაღაც წყვეტა მქონდა. მიმაჩნდა, რომ ჩემს ადრეულ ლექსებს განსაკუთრებული ფასეულობა არ გააჩნდა, მაგრამ მერე, როდესაც მე ჩავთვალე (და არა მარტო მე), რომ ჩემს ლექსებს რაღაც ფასი აქვს, უკვე 30 წლის ვიყავი. ანუ, ლექსები, რომლებიც ვიღაცას აინტერესბდა, 30 წლის ასაკის შემდეგ გაჩნდა. რაც შეეხება პროზას, მე ყოველთვის კარგად ვწერდი. მაგალითად, როდესაც ოლიმპიადებში ვმონაწილეობდი, ყოველთვის თავისუფალ თემას ვწერდი. მონაცვლეობით მაქვს პერიოდები, როდესაც ვწერ პროზას ან პოეზიას.

ე.ბაბალაშვილი – მე ვიცი, რომ აფხაზეთის ომის დროს თქვენთან სამკურნალოდ ბევრ პაციენტს აგზავნიდნენ. რას გიყვებოდნენ ისინი ომზე?

ნ.ცინცაძე – მადლობა ამ შეკითხვისთვის. მე ვიცოდი, რომ ეს წაგებული ომი იყო და რომ ეს იყო პოლიტიკა და არა ომი. ძალიან განვიცდიდი, როდესაც მიდიოდნენ წესიერი ბიჭები, რომლებიც ჩემი სამშობლოს ისტორიის შექმნას შეძლებდნენ. აფხაზეთის ომის მანძილზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ლაზარეტი იყო. სამსახურიდან თითქმის არ მივდიოდი. ბევრი ინციდენტი მომხდარა. იყო ერთი ბიჭი სახელად კახა პოგოსოვი. ის იყო სომეხი, დედით - რუსი, ბებიით კი მეგრელი. ძალიან კარგი ბიჭი იყო. მას ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. როდესაც საავადმყოფოდან გაწერეს, ჩემთან სახლში წვეულება მოვაწყვე და დავპატიჟე ჩვენი ექიმები და ის ბიჭი. შემდეგ წავედი ვან ბაიბურტთან, რომელიც მაშინ დეპუტატი იყო, მივედი სომხურ სათვისტომოში და ამ ყველაფრის შედეგად მისთვის გამოიძებნა თანხა, რომელიც პროტეზის დასამზადებლად იყო საჭირო. ამ პროტეზებს მაშინ ერევანში ამზადებდნენ. მინდა ახლაც მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ეს ამბავი მაშინ გულთან ახლოს მიიტანა.

ე.ბაბალაშვილი – შესაძლებელია, რომ თავიდან იყოს აცილებული იმ ადამიანის დაცემა, რომელმაც მძიმე ტრაგედია გადაიტანა?

ნ.ცინცაძე – შესაძლებელია. ახლა არსებობს შესანიშნავი თეორია ისეთი ფსიქოთერაპევტისა, როგორიცაა ნურბეკოვი. ეს არის ულტრათანამედროვე სკოლა. ის ამბობს, რომ ყოველთვის უნდა იღიმებოდეთ, თუნდაც ეს არ გინდოდეთ, თუნდაც ყველამ იფიქროს, რომ ჭკუაზე ვერა ხართ. თუ ადამიანი დაეცა, თვითონ უნდა ადგეს. ეს ყველაზე კარგი ვარიანტია. შეცოდება არ არის საჭირო. ბევრი ადამიანი შემდეგ ეჩვევა იმას, რომ ყველას ეცოდება, რომ მათ ყველაფერს პატიობენ. არავის არაფერი ეპატიება, განსაკუთრებით კი ბოროტება. ჩვენ რომც ვაპატიოთ, ღმერთი ყველაფერს ხედავს, რომელიც ერთია, იმისდა მიუხედავად, როგორ ვლოცულობთ. ჩემთვის სულ ერთია, ოღონდ ადამიანი წესიერი იყოს. როდესაც ნაზარეტში ვიყავი და დავინახე, რომ იქ სამივე რელიგია ერთადაა, ვთქვი, რომ ღმერთი ერთია. ადამიანმა თავად უნდა მოინდომოს ადგომა. თუ ამას თავად არ მოინდომებთ, ყოველთვის ფსკერზე დარჩებით.

 

 

 



  • Crew 7 feat. Geeno Fabulous

    Billie Jean Guess Who Remix
  • Timomatic

    Timomatic
  • The Weeknd Feat. Daft Punk

    I Feel It Coming Cosmic Dawn Remix