მინისტრმა ტყვიის სროლაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა

26-29 ნოემბერს ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში, პნევმატური პისტოლეტიტან სროლაში, ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონის, შოთა ქველიაშვილის სახელობის ტრადიციული მემორიალური ტურნირი და ასევე  საქართველოს ღია პირველობა გაიმართა მამაკაცთა და ქალთა შორის. 

ტურნირში მონაწილეობა ქართველ სპორტსმენებთან ერთად, აზერბაიჯანელმა ტყვიის მსროლელებმაც მიიღეს, ჯამში კი ორივე ტურნირზე 45 სპორტსმენი ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური ჩემპიონის, ნინო სალუქვაძის ტირში პირველად ჩატარდა 
შეჯიბრი შერეულ წყვილებს შორის. 

შერეული წყვილები (მამაკაცები და ქალები) ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ტყვიის სროლის ახალი დისციპლინა იქნება და ნინო სალუქვაძე ამჯერად ვაჟთან, ცოტნე მაჭავარიანთან ერთად შეეცდება მისთვის უკვე მე-9 ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებას.

შოთა ქველიაშვილის სახელობის ტრადიციული ტურნირის და საქართველოს ღია პირველობის გამარჯვებულთა დაჯილდოება 29 ნოემბერს ჩატარდა. ტურნირის საუკეთესო მსროლელები, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად დააჯილდოვა.

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
სამინისტროს პრესსამსახური