მამუკა მოსიაშვილი: ,,ბოლო 10 შეხვედრა ,,ტორპედოსთვის“ ფინალი იყო“

15 წლიანი პაუზის შემდეგ ქუთაისის ,,ტორპედომ“ საქართველოს ჩემპიონის ტუტული მეოთხედ მოიპოვა. როგორ აფასებენ გუნდში სეზონს და რა გეგმები აქვს იმერულ კლუბს ამაზე ,,ღია მიკროფონში“,,ტორპედოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა მოსიაშვილმა ისაუბრა.

 OPEN MIC:   გასულ წელს ქუთაისის ,,ტორპედოში“ მდგომარეობა რთული იყო. რა მოხდა ახალი მენეჯმენტის პირობებში ისეთი გუნდში, რომელმაც ეს შედეგი მოიტანა?

მამუკა მოსიაშვილი:  კლუბის პრეზიდენტი  ზაზა ჩაჩავა გასული წლის მაისში მოვიდა გუნდში და გეთანხმებით, რომ მაშინ სიტუაცია ძალიან რთული იყო, როგორც ფინანასურად ასევე სპორტული თვალსაზრისით. ამის გათვალისწნებით მოხდა ცვლილებები, შეიცვალა  მენეჯმენტი, მთავარი მწვრთნელი, მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები და შედეგად მივიღეთ ის შედეგი რომელიც დღეს გვაქვს სახეზე. რაც შეეხება ბოლო მატჩს. ეს იყო ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში. ფონი იყო ძალიან დადებითი, გუნდში იყო ერთიანობა  და ყველა ორიენტირებული იყო ჩემპიონობაზე, მაშინაც კი, როდესაც თბილისის ,,დინამოსთან“ ჩამორჩენა 9 ქულას შეადგენდა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქუთაისის ,,ტორპედოს“  ახალი მენეჯმენტი არ არის ერთწლიანი პროექტით მოსული. ჩვენი მიზანია ის  ბრენდი, რასაც ჰქვია ,,ტორპედო“ ყოველთვის მაღალ შედეგებზე იყოს ორიენტირებული.

OPEN MIC:  იყო თუ არა დადეგმილი სეზონის დასაწყისში ჩემპიონობა დაგეგმილი?

მამუკა მოსიაშვილი:  მოგეხსენებათ,  ეროვნული ლიგის შუა სეზონს დაემთხვა ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპი და ეს გუნდზე ფსიქოლოგიურად მოქმედებდა, თუმცა ამის შემდეგ სიტუაცია დალაგდა, მოვიყვანეთ ახალი ფეხბურთელები, მაგრამ შევინარჩუნეთ ძირითადი ბირთვი, რომლის მამოძრავებელი ძალა გახლდათ გუნდის კაპიტანი  როინ კვასხვაძე. ის არის ჩემპიონი გუნდის კაპიტანი და ეს კიდევ ერთხელ თბილისის ,,დინამოსთან“ დაპირისპირებაში დაამტკიცა.

OPEN MIC:  რას იტყვით შეხვედრის ბოლო წუთზე დანიშნულ პენალტზე?

მამუკა მოსიაშვილი: მარტივად ასახსნელი მიზეზების გამო მე სუბიექტური ვარ, მაგრამ რაც იყო, იყო. ვერ შევაფასებ მსაჯთა მოქმედებას. შეიძლება იყო ან არ იყო. ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს.

OPEN MIC:  ქუთაისის ,,ტორპედოს“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი ელის წინ საჩხერის ,,ჩიხურასთან“ დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში. როგორია თქვენი პროგნოზი?

მამუკა მოსიაშვილი: ჩვენი მიზანია დუბლის შესრულება და თასის მოგება. მინდა გითხრათ, რომ ბოლო 10 შეხვედრა ,,ტორპედოსთვის“  იყო ფინალი. ახლა მე-11 ფინალს ვითამაშებთ. ძალიან სერიოზულად ვუდგებით ამ შეხვედრას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია , რომ მიმდინარე სეზონი გუნდმა საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწეროს.

OPEN MIC: როგორია თქვენი გეგმები ევროტურნირებზე?

მამუკა მოსიაშვილი: გუნდში ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ ,,ტორპედომ“ ითამაშა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი. იქ მოხდა ნაკლოვანებების და შეცდომების გაანალიზება. წელს ჩვენ ამ საკითხს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვუდგებით. ევროტურნირზე ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მინიმუმ ორი წრის გადალახვა. ეს მხოლოდ ქუთაისელების და იმერლების პრესტიჟი არ არის, ეს ქვეყნის პრესტიჟია და ამას კარგად ვაცნობიერებთ.

OPEN MIC:  სეზონის დასრულების შემდეგ რა მოხდება გუნდის შემადგენლობაში?

მამუკა მოსიაშვილი: დღეს სწორედ კლუბის პრეზიდენტთან ერთად გავდიოდით ამ საკითხს. გუნდის ბირთვი აუცილებლად შენარჩუნდება, მაგრამ ტორპედოს გაძლიერება იგეგმება.  გვაქვს  ვარიანტები როგორც ადგილობრივი ფეხბურთელების, საღზღვარგარეთ მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების და ლეგიონერების, თუმცა ნებისმიერი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება მთავარი მწვრთნელის სურვილზე და შეხედულებაზე.

 

 



  • Crew 7 feat. Geeno Fabulous

    Billie Jean Guess Who Remix
  • Timomatic

    Timomatic
  • The Weeknd Feat. Daft Punk

    I Feel It Coming Cosmic Dawn Remix