მაია ბარათაშვილი: „თუ საკუთარ საქმეს ხარისხიანად აკეთებ, ნდობას აუცილებლად დაიმსახურებ“

დღეს გადაცემა „წახნაგები“-ს სტუმარია მრავალი საპატიო ტიტულის და ჯილდოს მფლობელი, ცნობილი მომღერალი მაია ბარათაშვილი.

JAKO FM - რა არის თქვენთვის ჯაზური მუსიკა?

მაია ბარათაშვილი - როდესაც ჯაზური მუსიკა მესმის, ჩემში თითქოს რაღაცა იღვიძებს, სიმღერის და ცეკვის სურვილი მიჩნდება. მინდა პატარა კომენტარი გავაკეთო იმ სიმღერასთან დაკავშირებით, რომელსაც ახლა ვუსმენდით. ეს არის ელა ფიცჯერალდის ცნობილი ჰიტი, რომელსაც მე თბილისის მერიის ორკესტრთან ერთად ვასრულებდი. სწორედ ამ კომპოზიციით გავიმარჯვე 2017 წელს ნიუ-იორკში. ეს იყო ძალიან ცნობილი ონლაინ-კონკურსი Made In New York Jazz Competition. მასში 60-ზე მეტი ქვეყნიდან 800-მდე მუსიკოსი მონაწილეობდა. მეც ავტვირთე ჩემი ვიდეო და შემდეგ უკვე შესანიშნავ ჟიურის, რომლის შემადგენლობაში ძალიან ცნობილი ჯაზის მუსიკოსები იყვნენ, საკუთარი გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა. ჩემდა გასაკვირად, მოხდა ისე, რომ გავიმარჯვე. ეს მოულოდნელი იყო, რადგან კონკურსი ძირითადად ახალგაზრდებზეა ორიენტირებული, მაგრამ მე მაინც გავბედე მასში მონაწილეობის მიღება. რატომაც არა? მე ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე ავტვირთე ჩემი ვიდეო და ძალიან გამიკვირდა, როდესაც მივიღე შეტყობინება, რომ გავიმარჯვე. მე და ერთ-ერთი თურქი მომღერალი მოვხდით საუკეთესო ორეულში ნომინაციით სოლო ვოკალი. თავიდან შემიყვანეს საუკეთესო ხუთეულში, შემდეგ კი ორეულში მოვხდი. იქ ფინალისტების რიცხვში მოხვდნენ ასევე ჩვენი ახალგაზრდა მუსიკოსები პაპუნა შარიქაძე და ვაჟა მანია. ძალიან გამიხარდა, რომ საქართველომ საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა იმ სიმღერაზე, რომელიც დასაწყისში მოვისმინეთ. როგორც უკვე ვთქვი, აქ აკომპანემენტს თბილისის ბიგ-ბენდი მიწევს, რომლის სოლისტი გახლავართ 1998 წლიდან, ანუ მისი შექმნის მომენტიდან. ეს უზარმაზარი ორკესტრია, რომელიც გამოდის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ასევე არის უამრავი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი. 2006 წელს ორკესტრთან ერთად ავიღეთ პრიზი მონტე-კარლოში, მომდევნო წელს კი მე უკვე წარვადგინე ჩემი სოლო ალბომი და მომანიჭეს წლის საუკეთესო მომღერლის წოდება ნომინაციით სოლო ვოკალი. ორკესტრი ახორციელებს უამრავ საინტერესო პროექტს ქართული მუსიკის ფარგლებში და ასევე მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებშიც. ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პროექტს წარმოადგენდა თანამშრომლობა ბობ მინცერთან. ეს არის ცნობილი ჯაზური საქსოფონისტი, გრემის პრემიის მფლობელი. ის სტუმრობდა თბილისს საკუთარ კვარტეტთან ერთად და თბილისის ბიგ-ბენდი ამ შესანიშნავ მუსიკოსს აკომპანემენტს უწევდა. ასევე მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებით აღნიშნეს ჩვენი ბიგ-ბენდის გამოსვლა. ამით ძალიან გახარებული ვიყავი, რადგან ორკესტრი - ჩემი ოჯახია. ჩვენ ძალინ ბევრს დავდივართ გასტროლებზე. ცოტა ხნის წინ ჩავატარეთ შესანიშნავი გასტროლები ბულგარეთისა და სერბეთის ჯაზ-ფესტივალზე. იქ უდიდესი მუსიკოსები მონაწილეობდნენ. ჯაზური სტანდარტების გარდა, ჩვენ წარვადგინეთ ქართული მუსიკა და ქართული პოლიფონია. სწორედ ქართულმა პოლიფონიამ გამოიწვია უდიდესი რეზონანსი. ჩვენ ჩავატარეთ პრეს-კონფერენციები, წარვადგინეთ ორსაათიანი პროგრამა. ამ ფესტივალებზე წარმოდგენილნი იყვნენ უდიდესი ამერიკელი არტისტები - პატიო ოსტინი, მაიკ სტერნი, ნიკ ვესტი და სხვები. ეს არის ის, რაც მინდოდა მეთქვა ქალაქ თბილისის საკონცერტო ორკესტრზე.

JAKO FM - საზღვარგარეთ გამართულ პრეს-კონფერენციებზე ყველაზე ხშირად რას გეკითხებიან?

მაია ბარათაშვილი - მაგალითად, ბულგარეთის ფესტივალზე გვეკითხებოდნენ ორკესტრზე. როდესაც ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ასეთი ორკესტრი გყავს - ეს ფუფუნებაა. აქ აუცილებლად უნდა ავღნიშნო ქალაქ თბილისის მერიის დამსახურება, რადგან თავიდან ეს ყველაფერი ენთუზიაზმის დონეზე დაიწყო, შემდეგ კი უკვე თბილისის მერია დაგვეხმარა. მერია 20 წელია გვფარველობს და ამისათვის მადლიერნი ვართ. ჩვენ ბევრ კონცერტს ვმართავთ, ვატარებთ ტურებს საქართველოში... თბილისის ბიგ-ბენდის ძალიან საინტერესო პროექტი მდგომარეობს იმაში, რომ ჩაატაროს კონცერტები ახალგაზრდებისთვის. ჩვენ დავდივართ უნივერსიტეტებში და ვთავაზობთ ჩვენი მუსიკის მოსმენას, რითაც ხელს ვუწყობთ ახალგაზრდა თაობის გემოვნების ამაღლებას.

JAKO FM - როგორ უსმენენ ისინი ამ მუსიკას? თუ ჩნდება თქვენს შორის ერთგვარი ხიდი?

მაია ბარათაშვილი - აუცულებლად! თუ საკუთარ საქმეს ხარისხიანად აკეთებ, ნდობას აუცილებლად დაიმსახურებ. თუ გულახდილი ხარ, მაყურებლისგან აუცილებლად დაგიბრუნდება ის, რასაც გასცემ და მსმენელიც გენდობა. შეგიძლია მას ნებისმიერი მუსიკა შესთავაზო, ოღონდ ის მაღალი დონის უნდა იყოს.

JAKO FM - საკუთარ პროგრამას ბიგ-ბენდი მხოლოდ ჯაზური ნაწარმოებებისგან ადგენს?

მაია ბარათაშვილი - ძირითადი მიმართულება - ჯაზია, მაგრამ იქ სხვა მიმართულებებიც არსებობს. არის ქართული მუსიკაც, ჩვენ ვთანამშრომლობთ ქართველ კომპოზიტორებთან. ჩვენი მაესტროა  გივი გაჩეჩილაძე, ორკესტრის დამფუძნებელი - გაიოზ კანდელაკი, რომელმაც პირველმა მოაწყო საქართველოში ჯაზ- და როკ-ფესტივალები. გივი გაჩეჩილაძე არის მაესტრო, რომელსაც დიდ კოლექტივებთან მუშაობის უზარმაზარი გამოცდილება გააჩნია საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ასე რომ, ჩვენი პროგრამა ძალიან მრავალფეროვანია. ჩვენ გვყავს შესანიშნავი, როგორც ცნობილი, ასევე ახალგაზრდა სოლისტები.

JAKO FM - რომანსებზე რას გვეტყოდით?

მაია ბარათაშვილი - რომანსებს ბავშვობიდან ვუსმენდი. დედაჩემი რომანსებს შესანიშნავად მღეროდა, ბებიაჩემი კი კაპელაში მღეროდა. მას ბრწყინვალე კოლორატურული სოპრანო ჰქონდა. პირველი შეხება მუსიკასთან, სანამ მუსიკალურ სკოლაში შევიდოდი, დედაჩემის დამსახურებით მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით სტომატოლოგი იყო, ის ასრულებდა რომანსებს და გამოდიოდა პროფესიულ სცენაზე. მე მაქვს ფოტო, სადაც ის არის ინოლა გურგულიას გვერდით, საღამოს წამყვანი კი მაშინ მერაბ თაბუკაშვილი იყო. მამაჩემი კარგად უკრავდა ვიოლინოზე, თუმცა პროფესიით იურისტი იყო. მერე ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა სერგო ნაცვალაძე, რომელმაც მასწავლა რომანსების შესრულება. მე მოვასწარი მასთან ერთად დისკის ჩაწერა. ახლა, სამწუხაროდ, ის უკვე ცოცხალი აღარ არის.

JAKO FM - მოგწონთ რომანსების შესრულება?

მაია ბარათაშვილი - რომანსების შესრულება ძალიან მომწონს.

JAKO FM - ეს ხომ აბსოლუტურად სხვადასხვა ჟანრებია - ჯაზი და რომანსი?

მაია ბარათაშვილი - აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. საერთოდ, მიყვარს სხვადასხვა ჟანრში საკუთარი თავის გამოცდა, მაგრამ საყრდენ წერტილად ჩემთვის მაინც ჯაზი რჩება. რომანსებს უკვე 25 წელია ვასრულებ, მაგრამ ჩემს სიყვარულს რუსული რომანსების მიმართ არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან. მე არ მიყვარს პოლიტიკა და მისი ბინძური ფარული თამაშები. ხელოვნება - ხელოვნებაა, და მე ფაქიზი დამოკიდებულება მაქვს ენის მიმართ. მომწონს ამ ენის მუსიკა და ბუნებრივია, მომწონს ამ ენაზე რომანსების შესრულება. სხვადასხვა ჟანრებში მუშაობა ძალიან საინტერესოა განვითარებისთვის და თვალთახედვის გაფართოებისთვის. ვფიქრობ, რომ არ უნდა შემოიფარგლო მხოლოდ ერთი ჟანრით, თუმცა ჩემი გული მაინც ჯაზს ეკუთვნის. სვინგი - ჩემი სიყვარულია. ჯაზის მოსმენა 15 წლის ასაკში დავიწყე. პირველად მისი მოსმენა ჩემმა დაქალმა მარიკა გამყრელიძემ შემომთავაზა. ეს მუსიკა პირველივე მოსმენის შემდეგ შემიყვარდა. უზარმაზარი შთაბეჭდილება ჩემზე დაიან შუურმა მოახდინა. ეს არის ქალი, რომელსაც გაშეშებული ვუსმენდი. სწორედ მან მიბიძგა იმისკენ, რომ ჯაზი მემღერა. მე დავიწყე მუშაობა ხმაზე, ინტონაციაზე... ამას ძალიან ბევრი დრო დაჭირდა. ორი წლის წინ, როდესაც ჩვენი კოლექტივი გამოდიოდა იურმალაში, მე შევიტყვე, რომ კონცერტში დაიან შუურიც იღებდა მონაწილეობას. მე მომეცა საშუალება შევსულიყავი მის საგრიმიოროში და მასთან მესაუბრა. მე ვაჩუქე მას ჩემი დისკი და ვუთხარი, რომ სწორედ მან მიბიძგა იმისკენ, რომ კარგად შემესრულებინა ჯაზი.

JAKO FM - მე ვიცი, რომ თქვენ კლასიკური მუსიკითაც ხართ გატაცებული...

მაია ბარათაშვილი - კი. ერთ მშვენიერ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სფეროში საკმაოდ წარმატებული კარიერა მაქვს, მე გადავწყვიტე, რომ ეს არ იყო საკმარისი. გამიჩნდა სურვილი, რომ გამეუმჯობესებინა ჩემი შესრულების ხარისხი და მე ვნახე ბრწყინვალე პედაგოგი - დოდო დიასამიძე. მან აღზარდა ისეთი მომღერლები, როგორიც ნინო მაჩაიძე, ნატალია ქუთათელაძე, ასევე, მას ჰყავს შესანიშნავი სტუდენტები კონსერვატორიაში. მას ოდნავ სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა ჩემი სურვილის მიმართ, მე კი, შეიძლება ითქვას, მოწამლული ვიყავი კლასიკური ვოკალით. მასთან უკვე მესამე წელია ვმეცადინეობ. კლასიკურმა მუსიკამ სრულიად შემიპყრო. ეს აბსოლუტურად სხვა სისტემაა. აქ საჭიროა სულ სხვა მუსკულატურა, სულ სხვა კონცენტრაცია, სუნთქვა... ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თანაც, როდესაც ადამიანი ერთ საქმეში ძალიან წარმატებულია, უკვე არ შეიძლება, რომ რაღაცა ცუდად აკეთო, ასე რომ, მუშაობა ჯერ სულაც არ არის დასრულებული. იმისათვის, რომ სრულად მოხდეს აპარატის ფორმირება ამ მიმართულებით, მინიმუმ შვიდი წელია საჭირო. დოდო დიასამიძე - პერფექციონისტია, და მასთან ხალტურობა არ გამოვა. მე არ მაქვს პრეტენზია დრამატულ როლებზე, მაგრამ ბედნიერი ვიქნებოდი, რომ გამოვსულიყავი ბაროკოს სცენაზე და შემესრულებინა ჰენდელის, პერგოლეზის, ბახის ნაწარმოებები...

JAKO FM - ბახის რომელ ნაწარმოებს შეასრულებდით?

მაია ბარათაშვილი -  ვოცნებობ „მათეს ვნებანის“ შესრულებაზე.

JAKO FM - რომელი სიყვარული უფრო გხიბლავთ: რაინდული თუ თანამედროვე?

მაია ბარათაშვილი -  თანამედროვე - არა. ის, რასაც დღეს სიყვარულს უწოდებენ, სინამდვილეში სულაც არ არის სიყვარული. ეს არის გატაცება, ჰორმონები, ქიმია. ჩემთვის უფრო ახლოსაა ქრისტიანული სიყვარული, როდესაც ადამიანს შეუძლია საყვარელი ადამიანის გამო საკუთარი თავი გაწიროს, რადგან თუ ეს არ არის, ეს უბრალოდ გატაცებაა. როდესაც ადამიანი ნამდვილად გიყვარს, ფაქტობრივად საკუთარ თავს სწირავ, მაგრამ, თუ ეს უბრალოდ ვნებაა, მაშინ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ.

JAKO FM - არ მგონია, რომ ღმერთი ადამიანისგან ასეთ მსხვერპლს ითხოვდეს...

მაია ბარათაშვილი -  ვგულისხმობ იმას, რომ შენ გსიამოვნებს ამ მსხვერპლის გაღება, რადგან გინდა, რომ ეს ადამიანი კარგად იყოს. სიყვარული - ეს არის გრძნობა, როდესაც ადამიანი მთლიანად სხვას ეკუთვნი.

JAKO FM - თითქმის ყველა უდიდესი ნაწარმოები იწყებოდა იმ გაბრწყინებით, რომელიც სიყვარულით იყო გამოწვეული.

მაია ბარათაშვილი -  სილამაზე გადაარჩენს სამყაროს. რომენ როლანს აქვს ასეთი გამოთქმა - „ლამაზი ადამიანი - ღმერთის განსახიერებაა“. სილამაზე - დიდი ნიჭია. ბუნებრივია, ნიჭიერი ადამიანი მიდრეკილია სილამაზის ჭვრეტისკენ. არიან ადამიანები, რომლებიც ახდენენ ამ ყველაფრის სუბლიმაციას და განასახიერებენ სიყვარულს საკუთარ ნაწარმოებებში.

JAKO FM - რა არის ბედისწერა?

მაია ბარათაშვილი -  ბედისწერის არ მჯერა. მე ღვთის ნების მჯერა. ყველაფრის უკან უდიდესი ჩანაფიქრი დგას. ეს უკვე მეცნიერებმაც დაამტკიცეს.

JAKO FM - არიან მრვდელმსახურები, რომლებიც შესანიშნავ მუსიკალურ ნაწარმოებებს ქმნიან. მაგალითად, ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

მაია ბარათაშვილი -  მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან მქონდა საშუალება მასთან 40 წუთის მანძილზე მესაუბრა. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. მან ისე ოსტატურად დამილაგა ყველა პასუხი ჩემს შეკითხვებზე, რომ იქიდან ძალიან დამშვიდებული გამოვედი. ის არის ჭკვიანი ადამიანი, რომელიც ხედავს იმაზე მეტს, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია.

JAKO FM – ჯაზური მუსიკა შავკანიანთა საეკლესიო სიმღერებით დაიწყო. ისინი მესას ჯაზის თანხლებით ატარებენ. რა არის ეს?

მაია ბარათაშვილი -  თქვენ ძალზე სერიოზულ საკითხს შეეხეთ. ქართული საგალობლები უფალთან სიახლოვეს გაგრძნობინებს. მე ვიწყებ ფიქრს უფალზე, იქ კი უბრალოდ კარგად ვარ და უბრალოდ მუსიკას ვუსმენ. ვთვლი, რომ ამ მომენტში მუსიკა მთავარზე ფიქრში ხელს არ უნდა გიშლიდეს.

JAKO FM – ძალიან მოკლედ გვითხარით თქვენი გეგმების შესახებ.

მაია ბარათაშვილი -  საერთოდ, გეგმებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ წინ უამრავი კონცერტია, როგორც ქალაქ თბილისის ბიგ-ბენდთან, ასევე მის მცირე შემადგენლობასთან ერთად. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ელდარ რიაზანოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოში, რომელიც გრიბოედოვის თეატრში გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ბევრი საინტერესო კონცერტი, რომელთა შესახებ სჯობს მას შემდეგ ვისაუბრო, რაც მათ განხორციელებას შევძლებ.

JAKO FM – ჩვენ კიდევ ბევრჯერ შევხდებით, რადგან თქვენ უამრავი გეგმა გაგაჩნიათ. ეს იყო გადაცემა „წახნაგები“ ევა ბაბალაშვილთან ერთად. ჩვენი სტუმარი მშვენიერი მაია ბარათაშვილი იყო. მადლობა!

 

 

 



  • Destiny S Child

    8 Days Of Christmas
  • Maren Morris

    Maren Morris
  • Chris Rea

    Driving Home For Christmas Remix