ლევან გვაზავა ლაივ კონცერტს გამართავს

3 ივლისს, მოძრაობის თეატრი მომღერალ ლევან გვაზავას სოლო კონცერტს უმასპინძლებს. ექსპერიმენტალური პოპ კონცერტი, რომელსაც მუსიკოსი მსმენელს შესთავაზებს, თეატრალიზებული შოუს ელემენტებით იქნება დატვირთული.

კონცერტის იდეას თავად შემსრულებელი განმარტავს: „მიუხედავად იმისა, რომ ყველა მომღერლის სურვილია გამართოს კონცერტები, ჩაწეროს ალბომები, ან რომელიმე მეგაპროექტში წარმატებული მონაწილეობის შემდეგ, შეძლოს ასეთივე წარმატებული კარიერის გაგრძელება, ჩვენს ქვეყანაში რთულ რეალობას ვაწყდებით, პროფესიული წინსვლისა და ვარსკვლავური ცხოვრების ნაცვლად, პერსპექტივაში მხოლოდ ლოკალური გარემო რჩება, ლოკალური მსმენელით, უკეთეს შემთხვევაში, ეს გარემო ბარ-რესტორანებია...

მართალია, იშვიათად გამართული კონცერტების სახით, შოუ-ბიზნესის მიმართულებით უმნიშვნელო ძვრები შეიმჩნევა, რაც თავისთავად მისასალმებელია, მაგრამ მომღერლების უმეტესობას არ ეძლევა მუშაობის და საკუთარი შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის შესაძლებლობა.

დღეს, ჩვენთან მწირია სიმღერის ორიგინალური ვერსიის გაცნობის კულტურა, მსმენელი უფასო და ხშირ შემთხვეევაში, უხარისხო mp3 ვერსიების პირატული გზით მოპოვებაზეა ორიენტირებული. ინტერნეტ სივრცე ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე იძლევა ამის საშუალებას, ჰოდა ჩვენც, მომღერლებიც საკუთარი შემოქმედების პოპულარიზაციას სწორედ ვირტუალურ სივრცეში ვახორციელებთ... არადა, მსმენელისთვის მუსიკის მიწოდების გაცილებით ეფექტური გზები არსებობს.

რეალობის შეცვლის სურვილი, საკუთარი თავისა და მსმენელის გამოფხიზლების ვალდებულება  ჩემში პროტესტად იქცა, ეს პროტესტი კი სხვაგვარად ვერ იქნებოდა გამოხატული, თუ არა კონცერტი ცოცხალი შესრულებით, რომელსაც შინაგანი განწყობის უკეთ გამოსახატავად პროვოკაციული სახელი - “UPRISING”, ანუ აჯანყება დაერქვა.

Up Ri SING  სიტყვების თამაშია, რადგან მთავარი მოქმედება სცენაზე იმპრიოვიზირებულ სახურავზე ხდება (UP) (RISE) (SING).

ალბომი LP “Promo Only” 2016 წლის თებერვალში გამოვიდა და მასში 4 საავტორო სიმღერა შევიდა. ეს კომპოზიციები სულ რამდენიმე რადიოსადგურმა დაატრიალა, მათ შორის რადიოებმა JAKO FM და „აფხაზეთის ხმა“.  გაიყიდა მცირე რაოდენობის CD  და ახლა მეძლევა საშუალება უკვე ცოცხალი შესრულებით წარმოვადგინო მსმენელის წინაშე.  

ექსპერიმენტალური პოპ კონცერტი 3 ივლისს, 20:00 საათზე  კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში გაიმართება და მასში მოწვეული სტუმრების სტატუსით მონაწილეობას  მიიღებენ:  ეკა დოლიძე, ირინა ბაირამაშვილი, მარიკო ლეჟავა.

კონცერტის დამდგმელი რეჟისორი: გოგა ქაჩიბაია.

ქორეოგრაფი: დავით მეტრეველი.

ხმის რეჟისორი: არტურ სტეფანიანი.

კონცერტზე შესრულდება: დონი ჰეთეუეის, ერიკ ბენეს და მაიკლ ჯექსონის კომპოზიციები.

საინფორმაციო მხარდამჭერები: რადიო JAKO FM - FM 96.3; რადიო "შოკოლადი” - FM 98.5; რადიო „აფხაზეთის ხმა“ - FM 98.9; ტელეკომპანია “იბერია”.

სიმღერები ჩაიწერა „VINYL SOUND STUDIO” -ში.“



  • Duck Sauce

    Radio Stereo Bingo Players Radio Edit
  • Destiny S Child

    Destiny S Child
  • Maren Morris

    My Church