,,კვლევების თანახმად, ჰოლივუდის ღიმილის მქონე ადამიანებს აღიქვამენ როგორც უფრო წარმატებულებს" - ქეთევან გოგილაშვილი

პირის ღრუს ჯანმრთელობასა და ჰიგიენის ნორმებზე, აგრეთვე სტომატოლოგთან ვიზიტის აუცილებლობასა და კულტურაზე, გადაცემაში ,,სილამაზე და ჯანმრთელობა“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, სტომატოლოგიური ცენტრი ,,ალბიუსის“ ხელმძღვანელი ქეთევან გოგილაშვილი საუბრობდა.

განურჩევლად სქესისა  და ასაკისა, ყველასათვის ერთნაირად მნიშვნელოვანია ლამაზი და მოვლილი კბილები. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ყოველთვის ლამაზი და თეთრი კბილები გვქონდეს?

სანამ ღიმილს და სილამაზეს შევეხებით, უნდა აღვნიშნო რომ ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობა იწყება პირის ღრუს ჯანმრთელობით. ადამიანს, რომელსაც პირის ღრუ ჯანმრთელი აქვს, მეტ-ნაკლებად  შეიძლება ითქვას რომ ის არის ჯანმრთელი. მით უფრო თუ ადამიანი უვლის საკუთარ თავს და ასე ვთქვათ იცავს თავს გარემო ფაქტორების მავნებლობისგან, რომელიც ესოდენ უხვადაა ჩვენს გარშემო.
რაც შეეხება ლამაზ ღიმილს, თეთრ და მოვლილ კბილებს. ძველი დროიდან დღემდე, ალბათ დამეთანხმებით, რომ ადამიანები, ცდილობენ გამოიყურებოდნენ ახალგაზრდულად. აი ამ ფსიქოლოგიურ ფენომენს აქვს თავისი ახსნა, როდესაც სოციალურ-ფსიქოლოგიური კვლევები ჩატარდა, აღმოჩნდა რომ თანამოსაუბრეები, ჰოლივუდის, მბრწყინავი ღიმილის მქონე ადამიანებს აღიქვამენ როგორც უფრო კეთილებს, უფრო ჯანმრთელებს და უფრო წარმატებულებს. ამიტომ ბუნებრივია, რომ წარმატებული და ლამაზი ღიმილი თითოეული ჩვენთაგანისთვის აუცილებელია, მაშინ როდესაც XXI –ე საუკუნეა, მაშინ როდესაც ყველა ადამიანი ცდილობს რომ გამოიყურებოდეს ძალიან კარგად, იყოს მომხიბვლელი, მიმზიდველი და წარმატებული.

რა სიმპტომებით ხასიათდება პირის ღრუს დაავადებები,  როგორ უნდა მივხვდეთ, გვაქვს თუ არა რაიმე სახის პრობლემა?

წელიწადში ორჯერ, ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მიაკითხოს სტომატოლოგს, გეგმიური კვლევის ჩასატარებლად. რათა მოხდეს პროფესიული გამოკვლევა და ხშირ შემთხვევაში პროფესიული წმენდის ჩატარება. რადგან როგორი კარგი ინდივიდუალური ჰიგიენაც არ უნდა დაიცვას ადამიანმა, არსებობს გარკვეული უბნები როდესაც აუცილებელია სტომატოლოგის დახმარება. მაგ: გერმანიაში, თუ 6 თვეში ერთხელ სტომატოლოგს არ მიაკითხა დაზღვეულმა პირმა, შემდეგ როდესაც გართულდება პირის ღრუსთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემა, ის აღარ უნაზღაურებს დაზღვეულს დახარჯულ თანხას. იმიტომ რომ წელიწადში ორჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი არის აუცილებელი. ვიზიტის დროს სპეციალისტი ნახავს პირის ღრუსთან არსებულ სხვადასხვა სახის დარღვევებს. ეს შეიძლება იყოს კარიესული ან არაკარიესული, შესაძლებელია იყოს ღრძილების დაზიანება და ა.შ. აქედან გამომდინარე მონიტორინგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერი კლინიკა ვალდებულია, რომ წელიწადში ორჯერ მიიღონ ეს პაციენტები და შეუნარჩუნონ პირის ღრუს ჯანმრთელობა იმ დონემდე, რა დონითაც მათ პაციენტი გაუშვეს კლინიკიდან.

თქვენ ახსენეთ გერმანია, სადაც 6 თვეში ერთხელ აუცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტი. ამ მხრივ საქართველოში რა მდგომარეობაა და რომელია ყველაზე ხშირი პირის ღრუს პრობლემა, პაციენტთა მომართვიანობის საფუძველზე?

პირველ რიგში საქართველოში არ არის ეს სიტუაცია, რადგან ჩვენთან ამ მხრივ არის განათლების დაბალი დონე. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ეგიდით, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, არაერთი საგანმანათლებლო პროგრამები დავწერეთ და შემდეგ ბაგა-ბაღებსა და სკოლებში დაიწყო ამ პროგრამების განხორციელება, რომელიც ეხლაც მიმდინარეობს. რატომ არის რომ უცხოელი პაციენტი განსაკუთრებულია მისი პირის ღრუს მოვლის კულტურით, რადგან ამას თავიდანვე სწავლობენ და ცდილობენ მცირე ასაკიდანვე დაიცვან ეს წესები. საქართველოში კი ეს კულტურა ჯერ არ გვაქვს. შესაძლებელია ეს უკავშირდება ფინანსურ და სოციალურ საკითხებს. მე ვისურვებდი რომ საქართველოში არსებობდეს ისეთი საუნივერსიტეტო კლინიკები, სადაც უფასო იქნება სტომატოლოგიური მომსახურება. იმის გამო რომ ამ მხრივ ჩვენთან არ არის კარგი მდგომარეობა, ხშირია სტომატოლოგთან ვიზიტი იმის გამო რომ პაციენტმა კბილი ამოიღოს, რადგან კბილის ამოღება ზოგიერთ კლინიკაში უფრო იაფია, ვიდრე მკურნალობა.

ძველ დროში ადამიანები  კბილების გასათეთრებლად სახლის პირობებში სხვადასხვა სახის პროცედურებს იტარებდნენ. მაგ. იყენებდნენ სოდას. დღეს, როგორც ვიცით, არ არის სასურველი ამ ხერხით კბილების გათეთრება. რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებთაც სახლის პირობებში სურთ კბილების გათეთრება?

პირველ რიგში საინტერესოა, რამ გამოიწვია კბილის ფერის შეცვლა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ვამბობ რომ აცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტი. დღეს უკვე სალონებშიც ათეთრებენ კბილებს, მე ამის დიდი წინაარმდეგი ვარ. როდესაც კბილი დაბჟენილია, დროთა განმავლობაში ფერს იცვლის. ამისათვის აუცილებელია სტომატოლოგს მიმართოთ, რადგან არსებობს სპეციალური მეთოდი, რა მეთოდითაც ხდება კბილის გათეთრება. აგრეთვე შესაძლებელია მინანქარის თხელი ფენის აღება, რის შემდეგაც ხდება საბჟენი მასალებით გაკეთება და ძალიან თხელი ფენის დამაგრება. ზომიერება კარგი რამ არის, კბილს არც ყავის ხშირი მიღება უცვლის ფერს და არც ჩაის. მინანქარს აქვს ძალიან კარგი თვისება, როგორც იწოვს ასევე გამორეცხავს ძალიან მარტივად. როდესაც მიმართავენ კბილების გათეთრების სურვილით სტომატოლოგს, პირველ რიგში უნდა მოხდეს ღრძილების მდგომარეობის შეფასება, სასურველია ჩაიტაროთ კბილების პროფესიული წმენდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ ზრუნვა კბილების გათეთრებაზე. მე წინააღმდეგი ვარ თვითნებური წმენდის ჩატარების.

პროფილაქტიკისთვის, როგორი ტიპის სავლები უნდა გამოვიყენოთ კბილების მოსავლელად, რომ ჩვენს ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ?

ეს აუცილებლად უნდა მოხდეს სტომატოლოგის რჩევით. იქნება თქვენს შემთხვევაში საჭირო ანთების საწინააღმდეგო სავლების გამოყენება თუ უშუალოდ ღრძილების სამკურნალო, ლორწოვანი გარსის ანთებით პროცესის დროს გამოსაყენებელი სავლები დაგჭირდებათ. არის აგრეთვე კბილის სიმტკიცისთვის განკუთვნილი სავლები, რომლებიც უზრუნველყოფენ კბილის ჯანმრთელობას. ამიტომ არ შეიძლება თვითნებურად კბილებზე ზრუნვა. იგივე შეიძლება ითქვას კბილის პასტაზე და ჯაგრისზე, რადგან თქვენი მდგომარეობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, სპეციალისტის რჩევით უნდა შეიძინოთ კბილის მოვლის საშუალებები.

როგორ დავიცვათ თავი პირის ღრუში განვითარებული მიკრობებისგან?

უკანასკნელი მონაცემების მიხედვით პირის ღრუში არის 700-მდე სახეობის მიკრობი მაგრამ მიკროორგანიზმების გარეშე  პირის ღრუ ვერ იქნება ჯანმრთელი, ანუ მათი ყოფნა განაპირობებს პირის ღრუს  ჯანმრთელობას. გარდა ამისა, იცით რატომ არის პირის ღრუს ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი? აი მაგ. ნერწყვის ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება, აგრეთვე მიკროორგანიზმების მიმართ პირის ღრუს დამცველობით ფუნქცია, ჩამორეცხვითი ფუნქცია და ა.შ.
ერთადერთი რეკომენდაცია რომელიც შემიძლია მოგცეთ- პირის ღრუს ჯანმრთელობა იწყება პირის  ღრუს ჰიგიენით. ჰიგიენა უნდა იყოს დაცული, ამიტომ სწორად უნდა შეარჩიოთ პირის ღრუს ჰიგიენისთვის განკუთვნილი  მოსავლელი საშუალებები. ასევე საჭიროა ერთი წლის ასაკიდანვე გამოუმუშაოთ ბავშვს პირის ღრუს მოვლის ჩვევა და კულტურა.



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight