ქალაქ შანხაიში ფესტივალი ,,ქართული დღეები" გაიმართა

2017 წლის 6 ოქტომბერს, ჩინეთის ქალაქ შანხაიში საერთაშორისო ფესტივალის "West Bund Food Festival" ფარგლებში ,,ქართული დღეები" გაიმართა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე 20 ქვეყნის წარმომადგენელი და 80 ადგილობრივი კომპანია იღებდა მონაწილეობას, რომლებმაც ფესტივალზე იმპორტირებული პროდუქციისა და ტურიზმის გამოფენა მოაწყვეს. ფესტივალი 1 ოქტომბერს გაიხსნა და 7 ოქტომბრამდე გაგრძელდა, სადაც ყოველდღიურად 100 000-ზე მეტი დამთვალიერებელი იყრიდა თავს. 

,,ქართული დღეების" ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული ცეკვები, სიმღერები, ქართული სამზარეულო, ქართული ღვინო და მინერალური წყალი-ბორჯომი. აღნიშნული ღონისძიება კომპანიის "Tiangbei Limited" ორგანიზებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სავაჭრო პალატის მხარდაჭერით გაიმართა. 

ფესტივალმა წარმატებით ჩაიარა და დასასრულს ღონისძიების ორგანიზატორებმა ორი სტუმარი საქართველოში გასამგზავრებელი ბილეთებით დაასაჩუქრა. 

,,აღნიშნული ფესტივალი ქალაქ შანხაიში დიდი წარმატებით ჩატარდა.  ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ღონისძიებაში ჩართული იყო სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი  200-მდე კომპანია, რაც ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარების უპირობო საწინდარია. ჩვენი ახალგაზრდა, ენერგიული პატრიოტი ქართველების თანადგომით, ,,ქართული დღეები" წარმატებით შედგა. სიამაყით ვულოცავ სრულიად საქართველოს დიდ ჩინეთში ,,ქართული დღეების" შთამბეჭდავად  ჩატარებას"- განაცხადა ,,ქართული დღეების" ორგანიზატორმა ბექარ მიქაბერიძემ.