გიორგი ნადირაძის ცხოვრება და მოღვაწეობა

მიუხედავად ტექნოლოგიური განვითარებისა ადამიანმა იცის რომ ვერსაც გაექცევა სულიერ საზრდოს და სწორედ ლიტერატურა და წიგნია ბედნიერების წყარო. ავტორი, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება არ იცნობს.  გადაცემაში ,,შოკოლადი“ გიორგი ნადირაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე არქიტექტორი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი, თარხუჯ ჯავახიშვილი საუბრობდა.
ხშირად საბჭოთა ცხოვრებაში ადამიანების უღირს საქციელს ამართლებდნენ მარტივი მეთოდით და ამ პერიოდში ადამიანები რომლებიც ძალიან კარგადაც იქცეოდნენ, პირიქით, მათთვის წარმოუდგენელიც კი იყო ისეთი კომპრომისი და პოზიცია, რომელზედაც უამრავი ადამიანი საბჭოთა პერიოდში იდგა და ამართლებდათ მოგონილი სიტუაცია.
გიორგი ნადირაძე- ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი. კარგად იცნობდა დასავლეთ ევროპულ ლიტერატურას, გერმანულ კლასიკურ ფილოსოფიას, მუსიკას და თეატრალურ ხელოვნებას. ამიტომ მისმა წერილებმა თავიდანვე მიიქცია ჩვენი საზოგადოების ყურადღება. 1937 წელს გამოქვეყნდა გ. ნადირაძის პირველი მონოგრაფია ნიკო სულხანიშვილზე, სადაც გაშუქებულია კომპოზიტორის შემოქმედების ხალხურ-ეროვნული საწყისები. მომდევნო წელს დაიბეჭდა მეტად საგულისხმო მონოგრაფია ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ — „პოეტი და ადამიანი“. თუმცა მეცნიერის ინტერესები ამით არ ამოწურულა. ზედიზედ გამოქვეყნდა მისი ნაშრომები: ,,ბარათაშვილი და ლაიზევიცი“, „ბუნების გრძნობა ბარათაშვილის პოეზიაში“, „ბარათაშვილის ყვავილები“, მონოგრაფია „ნ. ბარათაშვილის ცხოვრება და ესთეტიკური სამყარო“.
გიორგი ნადირაძემ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა რუსთაველის შემოქმედების კვლევის საქმეში. განსაკუთრებით აღსანიშნავიამისი ნაშრომი „რუსთაველის ესთეტიკა“, რისთვისაც ავტორს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა. აღსანიშნავია, აგრეთვე მისი მთარგმნელობითი მოღვაწეობაც. მან ქართველ საზოგადოებას გააცნო გოეთეს, შილერის, ლესინგის, ლაიზევიცის ნამუშევრები.



ბატონო თარხუჯ, პირველ რიგში ვისაუბროთ გიორგი ნადირაძის შესახებ.

თქვენ უკვე ბრძანეთ რომ ამ ადამიანის სახელი, ამა თუ იმ მიზეზის გამო პრაქტიკულად ლიტერატორებისათვის და აგრეთვე სამწერლობო საზოგადოებისათვისაც უცნობია. ამიტომ მე ვეცდები რომ ძალიან მოკლედ ამ ადამიანის ბიოგრაფია მკითხველს გავაცნო. მერე კი საკუთრივ მისი შემოქმედების შესახებ ვისაუბროთ.
გიორგი ნადირაძე დაიბადა 1902 წელს, ქვემო მაჩხაანში. მისი მშობლები იყვნენ მაკრინე მებურიშვილი და ალექსანდრე ნადირაძე. მისი დედის ბიძაშვილი გახლდათ სანდრო ახმეტელი, რომელმაც ქვემო მაჩხაანში თეატრის სცენაზე ალექსანდრე ნადირაძის, გიორგი ნადირაძის მამის დაფინანსებით განახორციელა თავისი პირველი დადგმა, სუმბათაშვილის ,,ღალატი“. გიორგი ნადირაძე თავის მამასთან ერთად 1924 წლის აჯანყების დროს დააპატიმრეს, მაშინ გიორგი 22 წლის ბიჭი იყო. წარმოიდგინეთ ასეთი რამ, ერთ კამერაში არიან ორივე მამა-შვილი და მამა გაჰყავთ დასახვრეტად... ამის შემდეგ იყო უამრავი დევნა, შევიწროება. წაგიკითხავთ ალბათ, ის თავის მოგონებებში წერს- სევდა, შიში და ტანჯვა, ჩემი ახალგაზრდობის განუშორებელი თანამგზავრები იყვნენ, რა დავაშავეთ ჩვენ რამდენი უბედურება დამტეხია თავზე, რამდენი განსაცდელი მინახავს, რამდენჯერ ვყოფილვარ უდანაშაულოდ დასჯილი. უნივერსიტეტიდან გარიცხვა, შიმშილი, ციხე, მოულოდნელი მოწყობა ასპირანტურაში, ისევ გარიცხვა, ისევ ციხე, უბედური მამა, საცოდავად დამარხული დედა, შიში, ძმების დაპატიმრება, მოწამლული და, რომელი ერთი გავიხსენო. ასეთი რთული ცხოვრება ჰქონდა. მიუხედავად ამისა ამ ადამინმა შინაგანი პოტენციის თუ ძალის გამოყენებით მაინც შეძლო რომ ფეხზე დამდგარიყო. მეორე საინტერესო მომენტია ასევე, ის გააფრთხილა თავისმა უშუალო უფროსმა, საქართველოს როგორმე უნდა განერიდოო, თუ რა თქმა უნდა ამის საშუალება გაქვსო და გიორგი რაღაც პერიოდი ცხოვრობდა ლენინგრადში. უკვე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კონსერვატორიაში განაგებდა უცხო ენების და ლიტერატურის კათედრას და შემდეგ 1950 წლიდან გარდაცვალებმადე ანუ 1960 წლამდე პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ეს დღევანდელი ილიას უნივერსიტეტი რომ არის,  მანდ იყო საზღვარგარეთის ქვეყნების ლიტერატურის კათედრის გამგე.

არ არსებობს საკითხი და ავტორიტეტი თანამედროვე ლიტერატურის ისტორიაში, რომლის შესახებაც რომ არ ჰქონდეს ტექსტი შექმნილი გიორგი ნადირაძეს მაგრამ გარდა ამისა იყო მთარგმნელი. რა ენები იცოდა მან?

გერმანული იცოდა ძირითადად. ამ დროს მას არ ჰქონდა ამ ქვეყანასთან  სხვა არანაირი შეხება. ამიტომაც გერმანული თარგმანი რომ არის ,,ვეფხისტყაოსნისა’, ჰუბერტის მიერ, მერე კიდევ გაკეთდა თარგმანი და ამისი ფცკარები გააკეთა გიორგი ნადირაძემ.

ოჯახი ჰყავდა?

მისი მეუღლე იყო ასევე მივიწყებული საზოგადოებისგან გულნარა ქავთარაძე. თავის დროზე ძალიან პოპულარული და ცნობილი პიანიტი. ჰყავდათ ერთი ქალიშვილი. ასევე გიორგის დის შვილი იყო კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე.

თქვენ გქონდათ მასთან ურთერთობა?

მასთან კავშირი არ მქონია, ადრე გარდაიცვალა. მისი ქალიშვილი იყო ჩემი მეუღლე, მარინე ნადირაძე, ამჟამად გარდაცვლილია სამწუხაროდ. მარინე იყო 12 წლის როდესაც მამამისი გადაიცვალა. ამდენად სრულიად ცხადია რომ ჩვენ ვერავითარი კონტაქტი ვერ გვექნებოდა.

გიორგი ნადირაძის წიგნში გამაოგნა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის’’ ესთეტიკამ. მინდა ვთქვამ რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის რაც საქართველოში ,,ვეფხისტყაოსნის“ შესახებ დაწერილა. აღსანიშნავია ისიც რომ წერს საოცარი, სასიამოვნო ქართულით, რომელიც ასე იშვიათი იყო იმ პერიოდში მოღვაწე მწერლებისთვის.
მინდა ვუთხრა ჩვენს მკითხველს რომ ორ ადგილზე შეუძლიათ გიორგი ნადირაძის წიგნების მიღება, საჩუქრად, არ იყიდება. ეს არის ,,წიგნის სახლი ბახტრიონზე“ (ბახტრიონის 11) და ბიბლუსი (ფალიაშვილის და კავსაძის ქუჩის კვეთაზე მდებარე წიგნის მაღაზიაში).

გარდა მეცნიერული მოღვაწეობისა, ბატონი გიორგი ნადირაძე იყო მწერალიც და სამწუხაროდ მას არ დასცალდა მთავარი წიგნის დამთავრება. ეს არის ავტობიოგრაფიული რომანი. ეს წიგნი რომ დაესრულებინა მას იქნებოდა საუკეთესო დოკუმენტური წყარო ადამიანებისთვის. შეგიძლიათ ამის შესახებ მოგვიყვეთ?

მინდა სიხარულით აღვნიშლო რომ მამუკა ხაზარაძემ გამოგვიყო თანხა ხუთასი წიგნისთვის და ეს წიგნები გამოიცა, რომელსაც  უკვე ვთავაზობთ მკითხველს. რაც შეეხება ავტობიოგრაფიულ წიგნს. დღიურის ჩანაწერებში უწერია მას, სადაც აღნიშნავს ამავე ავტობიოგრაფიული რომანის შესახებ რომ დავიწყე რომანის წერაო, სადაც მოგითხრობთ ჩვენი ქვეყნის 20-30-იანი წლების შესახებო. მას შესანიშნავად ესმოდა რომ იმ პერიოდში და საბჭთა კავშირში ამის გამოცემა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. იქ დასძენს რომ თუ ოდესმე მოხდება ამის გამოცემა ხომ კარგიო, თუ არა და დაე, ეგდოს ჩემს უჯრაშიო. საბედნიეროდ დადგა ის დრო როდესაც ამ წიგნის გამოქვეყნების საშუალება მოგვეცა. ის მალევე გარდაიცვალა და ალბათ ეს იყო ამის მიზეზი, რის გამოც არ მოხერხდა წიგნის დამთავრება.

მინდა შემთხვევით ვისარგებლო და თქვენი პაპის, დიდი ივანე ჯავახიშვილის შესახებ მინდა ორიდე სიტყვა თქვათ. როგორი გახსოვთ?

სამწუხაროდ ისე მოხდა რომ მე არამც თუ არ მახსოვს, არამედ ჩვენ ასე ვთქვათ დროში ავცდით ერთმანეთს, ანუ ის ვერ მომესწრო მე. პაპა გარდაიცვალა 1940 წელს და მე დავიბადე 1941 წელს. ჩემს მეხსიერებას შემორჩა მისი ფოტოები. სახლში იყო მისი კაბინეტი, რომელიც მოგვიანებით გადავეცით ხელნაწერთა მუზეუმს. მეორე რაც მახსოვს დედას სადღაც მივყავდი, უნივერსიტეტთან გავიარეთ და ბაღთან როცა მივედით დედამ თქვა შევიდეთო, შევედით იქ და მაშინ ეს ძეგლი არ იყო, იყო მხოლოდ საფლავის ქვა ჩვეულებრივი და მაშინ დედამ თქვა ეს პაპას საფლავი არისო, ეს კარგად მახსოვს. დანარჩენი უფრო მეტად მონაყოლი ამბავი მახსოვს.

ძალიან მინდა ჩვენი შეხვედრა გამოვიყენო და არქიტექტურაზეც გვითხრათ ორიოდე სიტყვა. ბოლო პერიოდში თბილისში ძალიან მომრავლდა უსახური და მახინჯი შენობები. როგორც პროფესიონალს ისე გეკითხებით. ეს არქიტექტორის პრობლემაა თუ დამკვეთის?


ბუნებრივია ყველა დროში ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება. მე რაც არქიტექტურასთან შეხება მაქვს, პროფესიულ დონეზე, იმ დროიდან მოყოლებული დღევანდელობის ჩათვლით არ მახსოვს თბილისში აშენებულიყოს რაიმე შენობა  და ამას არ მოჰყოლოდეს საშინელი, მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება. მერე გადის გარკვეული დრო და მშვენივრად ეჩვევა თვალი. მეორე საკითხი არის ის რომ ქართველ არქიტექტორებს  პრაქტიკულად საშუალება არ ეძლევათ თავიანთი იდეების და ჩანაფიქრების განსახორციელებლად. ყველაფერი არის უცხოელების პროექტი. მე ეს ვერ გამიგია რატომ არის მონური დამოკდებულება უცხოეთის მიმართ. ჩვენს არქიტექტორებს შეუძლიათ და არ ეძლევათ საშუალება თავად შექმნან.



  • Timomatic

    Parachute
  • The Weeknd Feat. Daft Punk

    The Weeknd Feat. Daft Punk
  • Nabiha

    Animals (Dj Nejtrino & Dj Baur Remix)