ფაჩულიას 11 ქულა 14 წუთში და “გოლდენ სტეიტის” გამარჯვება “ლეიკერსთან”

ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა“- ნბა-ს მოქმედმა ჩემპიონმა მორიგი შეხვედრა  გამთენიისას, ლოს ანჯელესში გამართა, სადაც ადგილობრივი „ლეიკერსისგან“ დიდ წინააღმდეგობას წააწყდა.
ძირითადი დრო 109:109 დასრულდა, ხოლო ოვერტაიმის პირველსავე წუთზე სტეფ კარიმ 2 სამქულიანი ჩააგდო და მატჩის ბედი გოლდენსტეიტელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა. საბოლოოდ ოკლენდურმა გუნდმა 127:123 მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილი გაიმყარა.
ქართველი ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა ის მოედანზე მე-4 პერიოდსა და დამატებით დროში არ გამოჩენილა. ფაჩულია სასტარტო ხუთულში იყო და 14 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ 5-დან 5 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
ოკლენდელებს ამ შეხვედრაში დაუბრუნდათ კევინ დიურანტი, რომელმაც 42 წუთში 29 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 28 ქულა და 7 პასი ჰქონდა სტეფ კარის, ხოლო კლეი ტომპსონის ანგარიშზე 20 ქულა დაგროვდა.
„გოლდენ სტეიტს“ 16 მოგება და 6 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეორეა. პირველზე მყოფ „ჰიუსტონს“ 17 მოგება და 4 წაგება გააჩნია.

gbf.ge