ბუბა ტყავაძე: ,,ალბათ ბოლნისის ,,სიონს“ მეტად უნდოდა ეროვნულ ლიგაში გადასვლა“

ბოლნისის ,,სიონი“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. გასულ სეზონზე, გამართულ პლეი-ოფებზე და სამომავლო გეგმებზე ,,ღია მიკროფონში ,,სიონის“ დირექტორმა ბუბა ტყავაძემ ისაუბრა.

 

OPEN MIC:   როგორ შეაფასებთ დასრულებულ სეზონს და რამდენად რთული იყო შედეგი, რომელსაც ,,სიონმა“ მიაღწია?

ბუბა ტყავაძე: სეზონის დაწყებამდე ვსაუბრობდი, რომ კლუბში იყო ბევრი მიმართულებით რთული სიტუაცია, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. გუნდმაც მოუმატა თამაშს, მეორე წრისთვის კი ფეხბურთელების დამატებაც მოვახერხეთ. კარგია, რომ გვყავს სპონსორი ,,არ ემ ჯის“ სახით, რომელიც გვერდში გვიდგას.  ამ პროცესებმა კი გამოიღო შედეგად ის, რომ გუნდი დაწინაურდა ეროვნულ ლიგაში.

OPEN MIC:  ძალიან დრამატული გამოდგა პლეი-ოფები( ორი მატჩის ჯამში ანგარიში 5-5 და პენალტების სერია) . რა ფაქტორებმა განაპირობა ბოლნისელთა სასარგებლოდ ორმატჩიანი რაუნდის დასრულება?

ბუბა ტყავაძე: თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ არც ეროვნულ ლიგაში და არ ეროვნულ ლიგა 2-ში სუსტი გუნდები არ იყვნენ. ამ ორ ლიგაში შორის განსხვავება მცირე იყო. შესაბამისად ყოველთვის ვამბობდით, რომ შეგვიძლია ბრძოლა და გამარჯვება. კარგია, რომ ბათუმის ,,დინამოსთან“ დაპირისპირებისთვის ჩვენმა ფეხბურთელებმა მაქსიმალური კონცენტრირება შეძლეს. ალბათ ბოლნისის ,,სიონს“ მეტად უნდოდა ეროვნულ ლიგაში გადასვლა.

OPEN MIC:  პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ჰეთრიკი ჯაბა დვალმა მიიწერა, ხოლო განმეორებით შეხვედრაში გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი გაიტანა. რას იტყვით თქვენი გუნდის კაპიტნის როლზე წლევანდელ წარმატებაში?

ბუბა ტყავაძე: ყველა ფეხბურთელის წვლილი იყო ამ შედეგში, თუმცა ვინაიდან ჯაბაზე ვსაუბრობთ მეც მასზე ვიტყვი. ჯაბა დვალმა უდიდესი როლი შეასრულა ,,სიონის“ მიერ მიღწეულ შედეგში. მთელი სეზონის განმავლობაში ის ამტკიცებდა, რომ არის გუნდის ლიდერი და კაპიტანი. მიხარია, რომ ჩვენმა არჩევანმა მასთან მიმართებაში, გაამართლა.

OPEN MIC:  რას იტყვით შემადგენლობაზე ახალი სეზონისთვის და მთავარ მწვრთნელზე, დარჩება თუ არა კობა ჟორჟიკაშვილი დაკავებულ თანამდებობაზე?

ბუბა ტყავაძე: ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძირითადი ბირთვი უნდა შენარჩუნდეს, სხვანაირად გუნდის შენება არ შეიძლება. ამ ეტაპზე უნდა გავაანალიზოთ რა პოზიციების გაძლიერება გვჭირდება და შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელის დამატება მოგვიწიოს. რატომღაც ყველას გონია, რომ ,,სიონი“ ვეტერანი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. რა თქმა უნდა გვყავს რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი, თუმცა ჩვენთან ასევე არის ძალიან  კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები. რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, ჩვენ მადლობელი ვართ მის მიერ გაწეული სამუშაოსთვის და გვსურს, რომ მასთან თანამშრომლობა გაგრძელდეს.

OPEN MIC: ეროვნული ლიგა 2-დან ეროვნულ ლიგაში დაწინაურდა ორი გუნდი ,,სიონი“ და ,,რუსთავი“ რას მიიღებს ქართული ეროვნული ლიგა ამ ცვლილებით?

ბუბა ტყავაძე: პირველ რიგში მივულოცავ ,,რუსთავს“ ეროვნულ ლიგაში გადასვლას. მათ ძალიან სტაბილურად ჩაატარეს წელი და დამსახურებულია აღნიშნული შედეგი.  ისევე, როგორც ბოლნისის ,,სიონმა“ დაიმსახურა ეს წარმატება. ეს უკვე გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ეროვნული ლიგის ახალ სეზონში არ ვიყოთ აუტსაიდერები. მას შემდეგ, რაც გვეცოდინება, როგორ შევძლებთ ახალი სეზონისთვის მომზადებას, უფრო ნათელი გახდება რა იქნება ჩვენი მიზანი.



  • Crew 7 feat. Geeno Fabulous

    Billie Jean Guess Who Remix
  • Timomatic

    Timomatic
  • The Weeknd Feat. Daft Punk

    I Feel It Coming Cosmic Dawn Remix