აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ჩინეთთან რამდენიმე მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა

აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილე ცეან ქემინგმა, ხელი მოაწერეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ზონების განვითარებისა და სამეწარმეო სიმძლავრეების ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.

სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკურ ზონებში სამრეწველო თანამშრომლობა სამშენებლო მასალების, ელექტროენერგიის, კომუნიკაციის და სხვა სფეროებს მოიცავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველო შანხაიში იმპორტ-ექსპორტის გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილისგან მიიღო მოწვევა გამოფენაში მონაწილეობაზე.

"საქართველოს საშუალება ექნება, გამოფენაზე ის ძირითადი პროდუქცია წარადგინოს, რომელიც ჩინეთის ბაზრისთვის შესაძლოა საინტერესო იყოს. ასეთ პროდუქტებს შორის ქართული ღვინო და მინერალური წყლებია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გარდა ამისა, შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდება.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი“ დაფუძნდა. ფონდის შექმნის შესახებ ხელშეკრულებას ხელი შანხაის ენერგეტიკულმა კომპანია CEFC-მა და საპარტნიორო ფონდმა მოაწერეს. „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, ფონდმა ჩინურ კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკები ჯერ კიდევ 10 თვის წინ დაიწყო.

“ახლად შექმნილი ფონდი ფულს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ინდუსტრიის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში დააბანდებს“,- განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

„საპარტნიორო ფონდმა“ “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში ჩინეთის ძიანგსის პროვინციის წყლისა და ჰიდრორესურსების სამშენებლო კომპანიასთანაც გააფორმა მემორანდუმი.

ფონდის ინფორმაციით, ძიანგსის პროვინციის წყლისა და ჰიდრორესურსების სამშენებლო კომპანიის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ერთობლივი საინვესტიციო პროექტების გახორციელებასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრები „საპარტნიორო ფონდთან“, რის შედეგადაც მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.



  • Timomatic

    Parachute
  • The Weeknd Feat. Daft Punk

    The Weeknd Feat. Daft Punk
  • Nabiha

    Animals (Dj Nejtrino & Dj Baur Remix)