5 აჭარული კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ

ტრადიციული ქართული კერძების გარდა, აჭარა ადგილობრივი კერძების სიმრავლითაც გამოირჩევა. აჭარულ სამზარეულოზე დიდი გავლენა მოახდინა მაღალმთიანი ცხოვრების წესმა, რის გამოც რძის პროდუქტები ადგილობრივი კერძების მთავარ კომპონენტს წარმოადგენს.

გთავაზობთ, 5 უგემრიელეს ადგილობრივ კერძს, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ აჭარაში:

აჭარული ხაჭაპური

აჭარული ხაჭაპური გამოირჩევა როგორც ორიგინალური ფორმით, ისე განსაკუთრებული გემოთი. თუ კლასიკურ ხაჭაპურს სხვა კერძებთან ერთად აგემოვნებენ, აჭარულ ხაჭაპურს როგორც მეტად ნოყიერ კერძს ცალკე შეექცევიან დილის საუზმის ან სადილის დროს. აჭარული ხაჭაპურის შექმნის არაერთი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ზღვისპირას მცხოვრებ ლაზებს ცომისთვის ნავის ფორმა მიუციათ, კვერცხის გული კი თითქოს ზღვაში ჩამავალ მზეს განასახიერებს.

სინორი

სინორი გამორჩეულად ნოყიერი აჭარული კერძია, მის მოსამზადებლად სპეციალურად გამომცხვარი ცომის ფირფიტები, ნადუღი და ერბოა საჭირო, რომლებსაც ოსტატურად შეურევენ ერთმანეთს და კეცზე აცხობენ.

ბორანო

ბორანო ძალიან ნოყიერი და კალორიული კერძია. მის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია ერბო და აჭარული ყველი. არსებობს ბორანოს სხვადასხვა სახეობა, მათგან ყველაზე პოპულარული ათქვეფილი კვერცხით, ყველით და სიმინდის ფქვილით დამზადებული კერძია.

კაიმაღი

კაიმაღი რძისგან ნაღების გამოცალკევების შედეგად მიიღება და ძალიან ნოყიერი კერძია. მისი მირთმევა სასურველია ყველთან და მჭადთან ერთად.

ყავა ქვიშაზე და ბაქლავა

ყავა ქვიშაზე, იგივე „ყავა ბათუმურად“ ბათუმს განსაკუთრებულ კოლორიტს სძენს. ყავის ცხელ ქვიშაზე მოდუღებისას აუცილებელია ქვიშის სასურველი ტემპერატურის დაცვა. ყავის თანმხლები დესერტი კი ხშირ შემთქვევაში ბაქლავაა.

ბაქლავა დესერტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოსამზადებელია. ლანგარზე გადაჭიმულ სამოცზე მეტ სიფრიფანა ცომის ფენას სათითაოდ აწყობენ ერთმანეთზე წვრილად დაფქულ თხილთან ან ნიგოზთან ერთად. ფენებს შორის ამატებენ ასევე ერბოს. 



  • Alan Walker

    Alone Mikis Remix Radio Edit
  • Merry Christmas

    Merry Christmas
  • Maroon 5 + Christina Aguilera

    Moves Like Jagger